იაპონია, ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუშიმაზე" დაბინძურებული, მილიონობით ტონა, რადიოაქტიური წყლის წყნარ ოკეანეში ჩაღვრას გეგმავს.
ატომური ელექტროსადგური "ფუკუშიმა" მიწისძვრის და ცუნამის შედეგად 2011 წელს დაზიანდა. აღნიშნული წყლის მარაგი რეაქტორების გასაგრილებლად გამოიყენეს.
რადიოაქტიური წყალი ამჟამად სპეციალურ საცავებშია, რომლებიც უკვე ივსება, რადგან ბირთვული რეაქტორის ჰერმეტული გარსიდან წყლის გაჟონვა გრძელდება.
იაპონიის მთავრობის განცხადებით, მათ სხვა გამოსავალი არ აქვს. რაზეც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს რომ იაპონიის ამ ქმედებაზე ჩინეთს მძაფრი რეაგირება ექნება.
"ოკეანეში წყლის ჩაღვრა ყველაზე რეალისტური ვარიანტია. დაგროვილი რადიოაქტიური წყლის პრობლემის გადაჭრის გარეშე ელექტროსადგურის საბოლოოდ დაკონსერვება შეუძლებელია", - აცხადებენ იაპონიის მთავრობაში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებას "უკიდურესად უპასუხისმგებლო" უწოდა.
სამინისტროს ვებგვერდზე გაკეთებულ განცხადებაში, სპიკერმა თქვა, რომ იაპონიამ თავი უნდა შეიკავოს გადაწყვეტილების მიღებისგან სანამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან კონსულტაციას და შეთანხმებას არ მიაღწევენ.
"ჩინეთი იტოვებს უფლებას შემდგომი რეაგირება მოახდინოს დაბინძურებული წყლით ოკეანის დაბინძურების მცდელობაზე" - ნათქვამია სპიკერის განცხადებაში.