თამარ გაბუნია: ენგურზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას პირდაპირ ვერ დავუკავშირებთ ეპიდემიასთან და კარანტინთან დაკავშირებულ მიდგომებს

უბედური შემთხვევა ენგურზე ძალიან ტრაგიკულია და საუბედუროდ ეს პირველი არ არის. ამ შემთხვევას პირდაპირ ვერ დავუკავშირებთ ეპიდემიასთან და კარანტინთან დაკავშირებულ მიდგომებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებები ჩვენთვის, პანდემიის პირველივე დღიდან იყო მტკივნეული საკითხი. ამაზე არაერთხელ იყო მსჯელობა და მექანიზმები, რომლებიც დადგინდა, დადგინდა ეპიდემიური მიზნებიდან გამომდინარე, რომ მოხერხებულიყო მოქალაქეების რისკების კონტროლი, რომელთაც შეიძლებოდა პირველი და უშუალო კონტაქტი ჰქონოდათ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ ადამიანებთან, რომლებიც მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ რეგიონში.

ძალიან ბევრი შემთხვევა იყოს ისეთი, როდესაც საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურის აქტიური ძალისხმევის შედეგად ბევრმა პაციენტმა მიიღო სწრაფი და მაღალი ხარისხის დახმარება, როგორც სამეგრელოს რეგიონში არსებული დაწესებულებებიდან, ასევე საკარანტინე სივრცეებსა და კოვიდსასტუმროებში.

თბილისსა და სხვა რეგიონებშიც სწრაფად ხდებოდა პაციენტების ტრანსპორტირება. უბედური შემთხვევა ენგურზე ძალიან ტრაგიკულია და საუბედუროდ ეს პირველი არ არის.

ამ შემთხვევას ვერ დავუკავშირებთ ეპიდემიასთან და კარანტინთან დაკავშირებულ მიდგომებს. აქედან გამომდინარე, კარანტინის წესებზე მსჯელობა მიმდინარეობს. მექანიზმი, რომელიც დამუშავდება, არ დაუშვებს ეპიდემიური რისკების ზრდას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.