"ექსპერტებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, გამოიყენონ თუ არა ჩინური ვაქცინები 60 წლის ზემოთ ჯგუფში", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"გარკვეული შეფერხებები იქმნება იმის გამო, რომ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია ტარდება ადგილები, რა თქმა უნდა, ლიმიტირებულია. ყოველდღიურად ემატება ახალი ჰოსპიტლები, ახალი ბრიგადები. გუშინ საღამოს დაემატა 6 ახალი ბრიგადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ასევე, რამდენიმე საავადმყოფო ემზადება, რომ კვირის ბოლომდე ჩაერთოს ვაქცინაციის პროგრამაში.
რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინებს, ესეთი არის Sinopharm-ი და Sinovac-ი, ორივე თვის ბოლომდე ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას.
საუბარია იმაზე, რომ მათი ეფექტურობა არის საკმაოდ მაღალი. თუმცა, ჯერჯერობით, მონაცემები 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში არის შეზღუდული, ამდენად, ექსპერტების ჯგუფს უჭირს, ჯერჯერობით, პირდაპირი გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, ეს ვაქცინები რამდენად უნდა იქნეს გამოყენებული 60 წლის ზემოთ ჯგუფში,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.