პაატა იმნაძე: ყველა ვაქცინაზე, რაც დღეს გამოყენებაშია, ადგილები დაჯავშნილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ყველა ვაქცინაზე, რაც დღეს გამოყენებაშია, ადგილები დაჯავშნილია.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესი არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც ნელა მიმდინარეობდა, როდესაც ვაქცინაცია დაიწყო.

„ნუ ვიტყვით, რომ ვაქცინაცია ნელი ტემპით მხოლოდ ჩვენთან დაიწყო. იგივე ხდებოდა ევროპის ქვეყნებშიც, როდესაც ვაქცინაცია დაიწყო. თავიდან ეს პროცესი მდორედ მიდის, შემდეგ აქტიურდება. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა ვაქცინას. ხედავთ, რომ საიტებზე, ყველა ვაქცინაზე, რაც დღეს გამოყენებაშია, დაჯავშნილი ადგილები გაივსო“, - განაცხადა იმნაძემ.

რაც შეეხება Sinopharms, აღნიშნული ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით იმნაძემ აღნიშნა, რომ ამაზე მისი მოსაზრება დიდი ხანია ცნობილია. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იმუნიზაციის საბჭო მიიღებს.

„ვინც ელოდება, მას შეუძლია ისევ ჯანმოს რეკომენდაციას დაელოდოს - ვისაც აქვს ნდობა, ჩვეულებრივი, ტრადიციული ვაქცინების, რადგანაც არავითარი განსხვავება ვაქცინაციის დამზადების ტექნოლოგიაში, ეს იქნება კორონას საწინააღმდეგო, თუ სხვა, უკვე ძალიან დიდი ხნის წინ ცნობილი ვაქცინა, არ არსებობს. აბსოლუტურად ერთნაირი ტექნოლოგიაა. აქედან გამომდინარე, ვიღაცას თანამედროვე ტექნოლოგია მოსწონს, ვიღაცას კიდევ ანტიკვარიატი“, - განაცხადა იმნაძემ.