გერმანელი გეოლოგის, პეტერ ნიუმანის განცხადებით, ვაშლიჯვრის მეწყერის შესაჩერებლად ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო - დაძრული ქანები შეჩერდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიღწეული დროებითი სტაბილურობა მუდმივ რეჟიმში უნდა გადავიდეს.
"მეწყრული მასის ნაწილის მოხსნა გარკვეული გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, გაბურღვითი სამუშაოები, რომლებიც ასევე გამაგრებას უკავშირდება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნაპრალების ამოვსება. მე ამას ვახსენებ, რადგან დისკუსია იმ ეტაპზე, როდესაც ღონისძიებების გაკეთების დროა, უბრალოდ უადგილოა და ამის დრო არ არის. ეს ნაპრალები უნდა ამოივსოს, რათა მასში არ დაგროვდეს წყალი და არ გაგრძელდეს მისი ჩამოშლა. მინდა გითხრათ, რომ ახლა გულზე მომეშვა, რადგან ჩვენ ეს მოვახერხეთ, ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო. როცა ჩვენ დავიწყეთ სამუშაოების ჩატარება, ორი დღის შემდეგ დაძრული ქანები შეჩერდა, ანუ ყველა ღონისძიებამ, რომელიც ჩატარდა, მოგვიტანა შედეგი.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვერ განვსაზღვრავთ, რა შეიძლება მოხდეს. ეს დამოკიდებულია წვიმაზე, ან ამინდის ცვლილებაზე. ეს ნიშნავს, რომ ორი სახის ღონისძიება უნდა ჩატარდეს: მუდმივი მონიტორინგი იმისა, რომ მოსახლეობა არის უსაფრთხოდ და ასევე უსაფრთხოდ არის წყლის მილსადენები. ეს დროებითი სტაბილიზაცია უნდა გადავიტანოთ გრძელვადიან სტაბილიზაციაში და სწორედ ამ სამუშაოს ვასრულებთ ახლა. ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ვაჯამებთ სხვადასხვა შედეგებს, გვაქვს დისკუსია, გეგმებს ვადგენთ თუ რა უნდა გაკეთდეს", – განაცხადა პეტერ ნიუმანმა.