ნათია თურნავა: დღეს რომ ნამახვანჰესი აშენებული გვქონოდა პრაქტიკულად იმპორტი არ დაგვჭირდებოდა

"დღეს რომ ნამახვანჰესი აშენებული გვქონოდა პრაქტიკულად იმპორტი არ დაგვჭირდებოდა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ნამახვანი იქნება პირველი, ისტორიული მნიშვნელობის პროექტი.

"დღეს ჩვენი ელექტროენერგიის იმპოტრი სამწუხაროდ აღწევს დრამატულ მოცულობას, ეს არის მილიარდ ექვსასი მილიონი კილოვატსაათი წელიწადში. ნამახვანჰესის გამომუშავება იქნება მილიარდ ხუთასი მილიონი. რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკა განვითარდება და უახლოეს 10-15 წელიწადში მეტი ელექტროენერგია დაგვჭირდება. დღეს რომ ნამახვანჰესი აშენებული გვქონოდა პრაქტიკულად იმპორტი არ დაგვჭირდებოდა", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის დასაქმება.

"ჰესის მშენებლობის პროცესში საქართველოს 1 600 მოქალაქე ეყოლება კომპანიას დასაქმებული, ამის ვალდებულება მათ ჩვენ წინაშე აიღეს. შეიქმნება 300 მუდმივი სამუშაო ადგილი. ადგილობრივ ბიუჯეტში გადასახადების სახით 30 მილიონ ლარს შევა. შეიქმნა რიონის განვითარების ფონდი 5 მილიონი ლარის ოდენობით და ახლა ჩვენ ვმსჯელობთ თუ რა ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო თუ სამეწარმეო პროექტები დავაფინანსოთ იმისთვის, რომ ადამიანებმა იგრძნონ, რამდენად დიდი სიკეთე შეიძლება მოიტანოს მსხვილმა ინვესტორმა ქვეყანაში. გარდა ამისა, 830 მილიონი დოლარის ინვესტიცია დღეს, პოსტკოვიდ ვითარებაში, როდესაც ინვესტორები ძალიან დიდ სიფრთხილეს იჩენენ ზოგადად და მათ შორის საქართველოშიც არ არის მოსალოდნელი ძალიან დიდი ბუმი ინვესტიციების, ობიექტური მიზეზები დან გამომდინარე. უცხოური ვალუტა, რომელიც ფაქტობრივად ამოგვივარდა ტურიზმის კოლაფსის გამო, გვჭირდება, რომ გავამყაროთ ჩვენი ეროვნული ვალუტა, იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი ეკონომიკა, შეიქმნას სამუშაო ადგილები და გაიზარდოს ჩვენი შიდა პროდუქტი. ძალიან დიდი სიკეთე შეიძლება მოიტანოს ამ პროექტმა და ამ ყველაფერზე მზად ვართ ვისაუბროთ მშვიდ ვითარებაში ისე, როგორც ჩვენი საპატრიარქო მოგვიწოდებს“, - განაცხადა თურნავამ.