"საქართველო ბევრ თანხას დაკარგავს, თუ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან", - ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
ევროპარლამენტარის განცხადებით, თუ საქართველოში მოვლენები დემოკრატიულ ფარგლებში არ განვითარდება, ევროკავშირი სანქციების თემას გადახედავს.
"პოლიტიკოსები ბრიუსელში იკითხავენ, რატომ უნდა ჩავდოთ დამატებითი თანხა საქართველოში, როცა ქართველები შიდა პრობლემების მოგვარებაზე თავად არ ზრუნავენ? დისკუსიები თანდათან უფრო დამძიმდება. ეს საქართველოს სასარგებლოდ არ მოხდება. ჩვენ არ გვინდა საქართველო მოვიშოროთ. ჩვენ გვინდა საქრთველო იყოს სწორ გზაზე.
ქართულ მხარეზეა დამოკიდებული, მოაწერენ თუ არა ხელს 6 პუნქტიან შეთანხმებას, დანარჩენი ყველაფერი დროის კარგვაა.
რაღაც ეტაპზე ვიფიქრებთ მაკროფინანსური დახმარების შემდეგ ტრანშზე, მაგრამ საქართველო ბევრ თანხას დაკარგავს, თუ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან", - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.