ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას აპრილის ბოლოს დატოვებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით, ის თანამდებობას აპრილის ბოლო 10 დღის განმავლობაში დატოვებს.

"აპრილის ბოლო 10 დღის განმავლობაში მე გადავდგები. ჩემი გადადგომიდან მე-7 დღეს პარლამენტში ახალი პრემიერის არჩევის საკითხი დადგება. პრემიერის პოსტზე ჩემს კანდიდატურას წარადგენს ფრაქცია "ჩემი ნაბიჯი". სხვა ფრაქციებს კანდიდატი არ ეყოლებათ. მე არ ამირჩევენ პრემიერად“, - განაცხადა ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, მეორედ, ფრაქცია "ჩემი ნაბიჯის" 1/3 მას კვლავ წარადგენს პრემიერ მინისტრის პოსტზე. თუმცა მას მაინც არ აირჩევენ.

"მას შემდეგ, რაც იგივე მეორედ მოხდება, კანონის ძალით, სომხეთის პარლამენტი დაიშლება და 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება“, - განაცხადა ფაშინიანმა.