აშშ-მა შავ ზღვაში ორი სამხედრო ხომალდის გაგზავნის გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ თურქეთის დიპლომატიურმა წყაროებმა განაცხადეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ანკარაში აშშ-ის საელჩომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეატყობინა ამ ნაბიჯის შესახებ, მაგრამ მიზეზს არ ასახელებს.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროები აცხცადებენ, რომ თურქეთმა, სავარაუდოდ, არასწორად გაიგო თავდაპირველი შეტყობინება, რადგან ვაშინგტონის მიერ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნა საბოლოოდ არ დადასტურდა. წყაროების განმარტებით, აშშ თურქეთს ხშირად ატყობინებს შავ ზღვაში გემების პოტენციურ შესვლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გემებს აუცილებლად გაგზავნიან და უფრო იმის გარანტიაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ხომალდები უპრობლემოდ შეძლებენ აკვატორიაში შესვლას.
გასულ კვირას, თურქეთმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის ფონზე, ვაშინგტონი ორ სამხედრო ხომალდს გაგზავნიდა შავ ზღვაში. გემები შავ ზღვაში 14-15 აპრილს უნდა შემოსულიყვნენ და 4-5 მაისამდე აპირებდნენ დარჩენას.