ანგელა მერკელი და  ჯო ბაიდენი რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის საზღვრიდან ჯარი გაიყვანოს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთს მოუწოდებენ, რეგიონში ვითარების დეესკალაციის მიზნით, უკრაინის საზღვრიდან საკუთარი ჯარი გაიყვანოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, შეერთებული შტატები და NATO-ს მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან უკრაინის მახლობლად და ყირიმში რუსული ჯარების სიმრავლით.

ანგელა მერკელსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენმა და მერკელმა "გამოხატეს შეშფოთება უკრაინის საზღვრებსა და ოკუპირებულ ყირიმში რუსული ჯარების დაგროვების გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ".

"კანცლერი და პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ რუსეთმა უნდა შეწყოტოს ჯარების გაძლიერება სიტუაციის დეესკალაციის მიზნით,” - თქვა გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფენ ზიბერტმა.

თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯეინ ფსაკის თქმით, ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაუსვა იმ შედეგებს, რაც შესაძლოა, რუსეთის ქმედებას მოჰყვეს.