ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული სამი ბრალდებული, ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება გადასინჯა. ასევე იმსჯელეს მხარეთა მტკიცებულებების დასაშვებობაზე.
საქმეზე დაკავებული ვაჟა გიგაურის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ამავეს ითხოვდნენ კიდევ ორი ბრალდებულის ადვოკატებიც, თუმცა ისინი სასამართლოს ალტერნატივის სახით 4 000-ლარიან გირაოს სთავაზობდნენ.
ბრალდების მხარე კი კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც სასამართლომ გაიზიარა. დღევანდელ სხდომაზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა.
ბრალდებულებს ძალადობას, დევნასა და მუქარას ედავებიან. სამივე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ მაქსიმუმ 3-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.