საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, იტალიის დედაქალაქში, რომში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს.
"ზაფხულში იტალიაში, რომის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის მუდმივმოქმედი კუთხე გაიხსნება, პროექტს ეროვნული ბიბლიოთეკა და კულტურული ინიციატივების მხარდაჭერის ფონდი ახორციელებს.პარტნიორია – ფონდი ქართული გალობა", -წერს გიორგი კეკელიძე.
კეკელიძის პოსტს, რომში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც ეხმაურებიან, რომლებიც ბიბლიოთეკის გახსნის მოსამზადებელ სამუშაოებში იყვნენ ჩართულნი.
"წელიწადზე მეტია, გარკვეული მოლაპარაკებების შედეგად ქართული ბიბლიოთეკის გახსნაზე თანხმობა მივიღეთ რომის მერიიდან. გასული წლის 26 მაისს დაგეგმილი გვქონდა უკვე ინაუგურაციაც მაგრამ ყველასთვის ცნობილმა მიზეზმა პანდემიამ ხელი შეგვიშალა. ამ წლის 26 მაისს უპრეცედენტო შემთხვევა მოხდება და ოფიციალურად გაიხსნება ეს ბიბლიოთეკა ქ. რომის ცენტრში. დამატებით ინფორმაციას მალე მოგაწვდით. მოგახსენებთ, ასევე რომ წიგნებს ჯერ ონლაინ კატალოგში განვათავსებთ რომის მერიის რეგულაციებიდან გამომდინარე, ხოლო შემოდგომიდან შეგვეძლება წიგნების ადგილზე წაკითხვაც. უღრმეს მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და გიორგი კეკელიძეს , კაკი კენჭოშვილს, ოთარ სოსელიას და ასევე დიდი მადლობა საქართველოს საელჩოს იტალიაში ელჩს ბატონ კოტე სურგულაძეს, დათო გომართელს და გიორგი ხომასურიძეს", - წერს რომში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ირაკლი სოსელია.