„ვფიქრობ დასავლეთის ბოლო მესიჯები, გაიგო როგორც ოპოზიციამ ისე საქართველოს მთავრობამ, რაც მათ დამატებით მოტივაციას მისცემს, რაღაც შეთანხმებას მიაღწიონ და დასავლეთთან ძაფები ბოლომდე არ გაწყვიტონ“, - ამის შესახებ Europetime-ს პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა ბიძინა ლებანიძემ განუცხადა.
პოლიტოლოგის თქმით, რადგან ევროპელი პარტნიორები მთავარ პასუხისმგებლობას მაინც ხელისუფლებას ანიჭებენ, თუნდაც ოპოზიციამ უარი თქვას ხელმოწერაზე, ხელისუფლების მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა და მისი შესრულება, დასავლეთთან ურთიერთობებს გაალღობს.
„აშკარაა რომ ჩაფლავებული მოლაპარაკების ბოლო რაუნდის შემდეგ, დასავლეთი არც ხელისუფლებისგან და არც ოპოზიციისგან ასეთ დამოკიდებულებას არ აიტანს.
ევროპარლამენტარების განცხადებები, ეს იყო ძალიან მკაფიო მესიჯი. ევროპარლამენტში რეზოლუციის საკითხი პირველად ახსენეს, პირობითობის პრინციპით. ითქვა საფინანსო დახმარების შეწყვეტა. შეიძლება კოლოსალური თანხა არაა, მაგრამ დინამიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მას შეიძლება მოჰყვეს სხვა სადამსჯელო ზომები. რაც თქვეს ევროპარლამენტარებმა, არა მხოლოდ მთავრობის მიმართ, არამედ ოპოზიციური პარტიების მიმართაც, რადგან ორივე მხარეს ადანაშაულებენ ამის ჩავარდნაში“, - აცხადებს ბიძინა ლებანიძე.
როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, თუ მხოლოდ ხელისუფლებამ მოაწერა ხელი დანიელსონის დოკუმენტს და მისი რეალურად შეასრულება დაიწყო, პროცესი დაიძრება, რაც დასავლეთის თვალში ოპოზიციის მარგინალიზაციას გამოიწვევს.
„ერთის მხრივ, მდგომარეობა რადიკალიზებულია და მხარეებს უჭირთ განხილვა , მაგრამ მეორეს მხრივ, ევროკავშირთან ძაფების ბოლომდე გაწყვეტა და წითელი ხაზების გადაკვეთა არცერთ მხარეს არ აწყობს. რასაც ევროკავშირი ითხოვს და რა მოთხოვნაც მოდის. ისინი უკმაყოფილო არიან ორივე მხარით. ნიკა მელიას დაჭერამ მდგომარეობა შეცვალა. მანამდე ოპოზიციის მიმართ იყო კრიტიკულად განწყობილი. მელიას დაჭერის ფაქტმა ისინი ხელისუფლების საპირისპიროდ შემოაბრუნა. ევროკავშირისთვის რიგგარეშე არჩევნები არასდროს ყოფილა მთავარი მოთხოვნა. არასდროს ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს. მათთვის მთავარია, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ. თუ ვთქვათ, ხელისუფლება გამოუშვებს მელიას და რურუას, დაიწყებს რეფორორმებს, ამით კვლავ შემოტრიალდება დასავლეთის პოზიცია.
შიდა პოლიტიკური კრიზისი უკან გვტოვებს იმ პროცესებში, რაც ახლა მიმდინარეობს. რამდენიმე ფაქტორის გამო, უკრაინა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანაა დასავლეთისთვის, ვიდრე საქართველო. საქართველოს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. თუ გაგრძელდა ეს შიდაპოლიტიკური კრიზისი, NATO-ში და ევროკავშირსში ინტეგრაციის გზაზე, უკრაინას ჩამოვშორდებით . NATO-ში ბევრი სკეპტიკური ქვეყანაა. ისინი რომ გადაარწმუნონ, ჩვენმა პარტნიორებმა მაგიდაზე უნდა დადონ მყარი არგუმენტები, რატომ უნდა გავწევრიანდეთ ალიანსში“ - განუცხადა Europetime-ს ბიძინა ლებანიძემ.
ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, თუ საქართველოში მოვლენები დემოკრატიულ ფარგლებში არ განვითარდება, ევროკავშირი სანქციების თემას გადახედავს.
"საქართველო ბევრ თანხას დაკარგავს, თუ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან", - ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
რამდენიმე კვირის წინ, მსგავსი ტიპის განცხადბეები გაკეთდა აშშ-ს სენატშიც, საქართველოს საკითხზე გამართული მოსმენისას.
ევროპარლამენტში კი არაერთმა ევროპარლამენტარმა ისუაბრა იმ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება ერვოკავშირის მხრიდან მოჰყვეს, დიალოგის პროცესის ჩაშლას, ან გაჭიანურებას.
NDI-ს საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანლის ლორა თორნტონის განცხადებით, როცა ფართომასშტაბიანი გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა „მოლიპულ დაღმართზე“ სიარული იქნება, რომლითაც არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ საქართველოც პანდორას ყუთს გახსნის და ცუდ პრეცენდენტს შექმნის.
"„ქართული ოცნება“ მმართველი პარტიაა და რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი მათ უნდა გადადგან და ხელი პირველი მათ უნდა გაუწოდონ ოპოზიციას. ეს შეიძლება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება იყოს. ამის შემდეგ ოპოზიცია უნდა დათანხმდეს რაღაცას და ასე უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯები.
სიტუაცია ისე გამოიყურება, რომ მოლაპარაკებები არ მუშაობს. თუმცა, ასევე ვფიქრობ, რომ ჩვენს კოლექტიურ ჩემოდანში, ამერიკას და ევროკავშირს, ჯერ ისევ გვაქვს რამდენიმე თაფლაკვერი და წკეპლა. შეიძლება გამოსავალი ის იყოს, რომ ცვლილებები ეტაპობრივად, პატარ-პატარა ნაბიჯებით განხორციელდეს და არა - ერთბაშად“, - განაცხადა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას NDI-ს საქართველოს ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება დანიელსონის მიერ წარდგენილ ხუთივე პრინციპზე თანხმობის მზაობას გამოთქვამს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.
ოპოზიციის ცნობით, შესაძლოა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჩართულობით განახლდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილის განცხადებით, მომავალ კვირაში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სავარაუდოდ საქართველოზე იმსჯელებენ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა, კიდევ ერთხელ შეხვდნენ პოლიტიკურ მხარეებს საქართველოში.
„ჯერჯერობით არ ვიცით, როდის გაიმართება შემდეგი რაუნდი. ჩვენი პოზიცია ცნობილია, რომ მიშელის მიერ განსაზღვრული ხუთივე საკითხი უნდა აისახოს შესაძლო შეთანხმების ტექსტში, ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვისაც გასაგებია, რომ, თუ ეს ასე ვერ მოხდება და მკაფიო ხედვა არ იქნება პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემაზე, ჩვენ პროგრესს ვერ მივაღწევთ. ვფიქრობ, ყველა პარტიას ინდივიდუალურად შეხვდებიან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლება აუცილებელია, თუმცა არასაკმარისი, პოლიტიკური კრიზისი განმუხტვისთვის. გიგა ბოკერია ხაზს უსვამს, რომ კრიზისის განსამუხტად საჭიროა, გიორგი რურუას გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნებისკენ სვლა, საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილება.