სალომე ზურაბიშვილი: მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის

"ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას.

"ჩვენი წინა შეხვედრების შემდეგ ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით ყველა, კავკასიაში. ერთი მხრივ, პანდემიიდან გამომდინარე, რომელმაც დააზარალა სამივე ქვეყნის ეკონომიკა. ჩაგვკეტა მსოფლიოსთან ურთიერთობასა და ერთმანეთთან ურთიერთობაში, იმსხვერპლა ადამიანების სიცოცხლეც. თუმცა ბევრად მძიმე იყო რეგიონისთვის და ცალკეული ქვეყნისთვის ომისგან გამოწვეული მსხვერპლი. მინდა, ამ ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო და თქვენ გამოგიცხადოთ თანაგრძნობა ბატონო პრეზიდენტო.

კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას. ამის ნიშნად შევთავაზეთ ჩვენი პლატფორმა შეხვედრებისთვის, დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის, ეს შეთავაზება ძალაში რჩება ნებისმიერ დროს.

სომხეთის პრეზიდენტს გავაცანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, უკანონო ბორდერიზაცია, გატაცებები, ადამიანთა უფლებების ხელყოფა, ჰუმანიტარული მდგომარეობის დამძიმება და ესკალაცია. ყველას კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ, მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის.

რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობიდან გამომდინარე განვიხილეთ უკრაინაში შექმნილი საგანგაშო ვითარება. ესკალაცია და დესტაბილიზაცია ემუქრება შავი ზღვის რეგიონს და არა მხოლოდ. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის დღეს დეესკალაცია.

განვიხილეთ რეგიონის პოტენციალი, რაც უნიკალური ეკონომიკის კუთხით. გაზრდილი ინტერესი სხვადასხვა გარე აქტორისგან, ახალი გეგმები თუ პლატფორმები, რის შესახებაც გვესმის, ადასტურებს ამ რეგიონის დიდ მნიშვნელობას. თუმცა, კავკასიის ქვეყნების როლი გადამწყვეტი რჩება და მისი მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ. ამავდროულად კავკასია თავის სატრანზიტო და სხვა პოტენციალის გათვალისწინებით მხოლოდ ღია რეგიონად წარმოგვიდგენია.

კავკასიის და შავი ზღვის გავლით, აზიის და ევროპის დასაახლოებლად მასშტაბური პროექტების განხორციელება მოითხოვს ყველასი და კერძოდ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის, ევროკავშირის აქტიურ მონაწილეობას სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად.

მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ჩართულობა კონფლიქტის საბოლოოდ დარეგულირებაში, როგორც შემდეგი ინფრასტრუქტურული გეგმების განხორციელებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.

ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. ეკონომიკური ტურისტული, კულტურული პროექტების გაძლიერებქაზე და განხორციელებაზე.

ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს სომხური წარმოშობის მოქალაქეები სარგებლობენ ამ ქვეყანაში ყველა საშუალებით, რათა შეუნარჩუნონ წინაპართა ენა და კულტურა. ამავე დროს მეტი უნდა გაკეთდეს და ძირითადად სახელმწიფოს მხრიდან რათა სახელმწიფო ენას სრულყოფილად დაეუფლონ და ამგვარ სრულყოფილი ინტეგრაცია ქვეყნის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ განვითარებაში მიიღონ.

მოხარული ვარ, ამ ვიზიტით, ასევე განვიხილეთ ზოგიერთი ინიციატივა, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ბიზნეს აქტორებს, რომ კონკრეტულ პროექტებზე მუშაობა და ფიქრი დავიწყოთ, ეს მსჯელობა გაგრძელდება და კონკრეტულ ფორმას მივცემთ.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ახლობლური ურთიერთობა შენარჩუნდა და დროთა განმავლობაში შენარჩუნდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.