არმენ სარქისიანი: საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წიაპირობაა რეგიონის უსაფრთხოებისთვის

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ქართველ კოლეგას გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

„სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს საუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს მეზობელ საქართველოსთან მეგობრობასა და თანამშრომლობას. ქართველი და სომეხი ხალხები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ გვერდიგვერდ. სომხები საქართველოს კულტურული, ეკონომიკური, სოციალური პოლიტიკური ცხოვრების აქტიურ ნაწილს წარმოადგენდნენ. დღესაც სომხურ ბიზნესს დიდი ინვესტიცია აქვს საქართველოში და ქართველი ბიზნესმენებიც მუშაობენ სომხეთში.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

არმენ სარქისიანმა დღეს ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას დღის წესრიგის ფართო სპექტრი განიხილა.

„ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის განახლებისა და მრავალ სხვა სფეროში. არის ასევე თანამშრომლობის დიდი პოტენციალი თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, მაღალი ტექნოლოგიების, ბიოტექნილოგიების განვითარების, კიბერუსაფრთხოების, სურსათის უზრუნველყოფის საკითხებში.

ეს თანამშრომლობა ორმხრივი და მრავალმხრივია. მინდა, გავიმეორო ქალბატონი პრეზიდენტის ნათქვამი და ვფიქრობ, ორივე პრეზიდენტის ინსტიტუტების თანამშრომლობის ქვეშ, ჩვენ შეგვიძლია, თანამედროვე ბიზნესურთიერთობები გავაღრმაოთ ორ ქვეყანას შორის. გარწმუნებთ, მზად ვარ, თქვენთან ერთად ვიმუშაოთ, რომ ბიზნესურთიერთობები განვითარდეს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას COVID19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. თანამშრომლობის ხელშესაწყობად ძალისხმევას არ ვიშურებთ. მიმდინარეობს მუშაობა როგორც სომხეთ-საქართველოს მთავრობათშორისი კომისიის, ისე უწყებათაშორის დონეზე ორმხრივი თანამშრომლობის ამჟამინდელი დონის ასამაღლებლად. როგორც აღვნიშნეთ, გეთანხმებით, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტებს შეუძლიათ განსაკუთრებული როლი შეიტანონ ამ საქმეში", - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

როგორც სარქისიანმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებიც განიხილეს.

"სომხეთის შემთხვევაში, განვიხილეთ თურქეთის აშკარა მხარდაჭერით მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ განხორციელებული აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილი ახალი რეალობა. ჩემს ქართველ კოლეგას წარვუდგინე მთიანი ყარაბაღის საკითხში სომხური მხარის მიდგომები და ხაზი გავუსვი იმას, რომ შეუძლებელია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთიანი ყარაბაღის პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე, მათ შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის აღდგენის გზით.

ასევე ხაზი გავუსვი ომის შედეგად წარმოქმნილი უზარმაზარი ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობას, მათ შორის აზერბაიჯანის მიერ დატყვევებული და მძევლად მყოფი პირების სწრაფი გათავისუფლების საკითხს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია. ყურადღება გავამახვილე აზერბაიჯანის მიერ ომის შემდეგ შექმნილი ვითარების ბოროტად გამოყენებაზე, ქსენოფობიის, ეროვნული ღირსების შელახვის პოლიტიკის გატარების დაუშვებლობაზე, რაც ხელს არ უწყობს დიალოგის ჩამოყალიბებას.

შეხვედრისას ასევე შევეხე აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოქცეული ტერიტორიების საკითხს და ამ ტერიტორიებზე სომხური ისტორიულ-კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის დაცვის საკითხს“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.