იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე Sinopharm-ით ვაქცინაციის დაწყების საკითხზე იმსჯელებენ

ჯანდაცვის სამინისტროში, იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე დღეს იმსჯელებენ დაიწყება თუ არა საქართველოში ჩინური წარმოების, Sinopharm-ის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი ვიდრე მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავტორიზაციას მიანიჭებს.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საბჭო გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე მიიღებს და თავად საკუთარ პოზიციას სწორედ საბჭოს სხდომაზე დააფიქსირებს.

„როგორც მაქვს ინფორმაცია, განხილვა იქნება პარასკევს. სამინისტროში იმუნიზაციის საბჭო, სხვა საკითხებთან ერთად, ამ საკითხსაც განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კონსენსუსით. ჩემსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის პოზიციას მე იმუნიზაციის საბჭოზე დავაფიქსირებ“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.