ნათია თურნავა ნამახვანჰესზე: დღეს გაიმართება შეხვედრა, სადაც ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე ვიმსჯელებთ

"ჩვენი მოთხოვნით, ნამახვანი ჰესის მშენებელმა კომპანია "ენკა რინიუებლზმა" გაასაჯაროვა ყველა კვლევა, რაც დაკავშირებული იყო პროექტის მომზადებასთან - ეს არის გარემოსდაცვითი, გეოლოგიური, საინჟინრო და სხვა სახის კვლევები", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავას განცხადებით, დღეს შეხვედრა გაიმართება, სადაც ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე იმსჯელებენ.

მისი თქმით, შეხვედრაზე მიწველია ყველა ის სპეციალისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სამეცნიერო წრეების წარმომადგენელი, რომელთაც ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით ინეტერსი გამოხატეს.

„შეხვედრაზე გვექნება შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება და რომელიც დააორგანიზებს პროცესს, რომ მოხდეს კვლევების დამუშავება, სხვადასხვა დაინტერესებული პირისგან რეკომენდაციების და კომენტარების მიღება. საბოლოო ამოცანაა, მივიღოთ უკეთესი პროექტი, გავზარდოთ მის მიმართ ნდობის ხარისხი მოსახლეობაში, სამეცნიერო წრეებში, ექსპერტებს შორის და არასამთავრობო სექტორს შორის. დარწმუნებული ვარ, გაცილებით ფართო წრეა იმ ექსპერტების, ვინც ინტერესს გამოხატავს პროექტის მიმართ და მინდა ვთქვა, რომ პროცესი ღიაა ყველასთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საბჭოს შემადგენლობაში გაერთიანდებიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები.