აშშ-ის სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა ქვეყნიდან 10 ამერიკელი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ის სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა ქვეყნიდან 10 ამერიკელი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. 8 ამერიკელი მაღალჩინოსანი კი "შავ სიაში" შეიყვანა. ამ ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"10 დიპლომატი შეიყვანეს სიაში, რომელიც გადმოგვცეს თხოვნით, რომ მათ აშშ დატოვონ. ჩვენ ამ ზომას სარკისებურად ვუპასუხებთ. ასევე, შევთავაზებთ რუსეთში აშშ-ის 10 დიპლომატს, დატოვონ ჩვენი ქვეყანა", – განაცხადა ლავროვმა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მოსკოვი ასევე შეზღუდავს ქვეყანაში ამერიკული ფონდებისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც მისი თქმით, პირდაპირ ერევიან რუსეთის შიდაპოლიტიკურ საქმეებში.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა მოსკოვში შეერთებული შტატების ელჩს ჯონ სალივანს კონსულტაციებისთვის ვაშინგტონში წასვლა ურჩია. მინისტრის თქმით, რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი, რომელიც სამშობლოში მარტის შუა რიცხვებში დაბრუნდა, კვლავ რუსეთის ფედერაციაში იმყოფება.