"ახლა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა მიბაძონ მმართველ პარტიას და მოაწერონ ხელი დოკუმენტს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა "ქრონიკას" განუცხადა.
მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" უარს ამბობს დოკუმენტის ხელმოწერაზე.
„ახლა მთელი ჩვენი ყურადღება კონცენტრირებულია ოპოზიციაზე. ახლა ოპოზიციური პარტიების დროა. მოლაპარაკებებში ჩართულმა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და მოაწერონ ხელი დოკუმენტს. ოპოზიციამ უნდა მიბაძოს მმართველ პარტიას და უკვე მათი მხრიდან ხელმოწერით უნდა დასრულდეს საქართველოში პოლიტიკური კრიზისი.
მართლაც ძალიან სამწუხაროა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი არ აწერენ ხელს დოკუმენტს. მმართველი პარტიის მხრიდან კომპრომისულ დოკუმენტზე ხელი მოწერილია და კომპრომისისკენ ჩვენ მოვუწოდებდით არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ ოპოზიციასაც. კრიზისის დასრულებას სჭირდება კომპრომისი.
თუ კარგად დავაკვირდებით ევროკავშირიდან დაწყებულ მედიაციის პროცესს, ნათლად დავინახავთ, რომ კრისტიან დანიელსონმა მაგიდაზე დადო კომპრომისული შეთანხმება. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მაღალი დონის პროფესიონალიზმს. ეს არის ძალიან დაბალანსებული ტექსტი და წინადადებების პაკეტი. მისი გაცნობისთანავე ჩვენ განვაცხადეთ, რომ ტექსტი მისაღები იყო და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებდით დანიელსონს. დოკუმენტი ორივე მხარის პოზიციებს ასახავს და ამიტომ გულდასაწყვეტი იყო აქამდე ხელმოწერის გარეშე დატოვებული ეს დოკუმენტი. ახლა მინდა მოვუწოდო ოპოზიციას გადადგას შემხვედრი ნაბიჯი“, - აცხადებს კალიურანდი.