რუსეთში, პეტერბურგში უკრაინელი დიპლომატი, ოლექსანდერ სოსონიუკი, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური (FSB) ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დიპლომატი სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებისთვის დააკავეს.
„16 აპრილს, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინელი დიპლომატი - სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდრ სოსონიუკი დააკავა, რომელსაც გადაეცა საიდუმლო მონაცემები რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისა და „ეფესბეს“ მონაცემთა ბაზებიდან“, - აცხადებენ უშიშროების ფედერალურ სამსახურში.
უშიშროების სამსახურის განმარტებით, რუსეთი უკრაინელი დიპლომატის მიმართ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ზომებს გამოიყენებს, რაც ამ შემთხვევაში სავარაუდოდ, ქვეყანაში ყოფნის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს.