რუსთაველის თეატრთან აქციაზე დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „გილდიას“ წევრებსა და თეატრის მსახიობებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
როგორც მსახიობები ამბობენ, აქციის მონაწილეებმა რობერ სტურუაზე განაცხადეს, რომ არის მოძალადე და რეპეტიციაზე შეურაცხყოფას აყენებს ქალებს, რაც მოგონილი და ჭორია.
მსახიობი გოგა ბარბაქაძის განმარტებით, მათი გაღიზიანება აქციის მონაწილეების მხრიდან რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს მოჰყვა. მისივე თქმით, ბესო ზანგური ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია და იურიდიულად, რაც თეატრს შეეძლო გაეკეთებინა უკვე გააკეთა.
,,ჩვენი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს მან წაახალისა ბესო ზანგური. მოხსნილის ეს კაცი ყველა სპექტაკლიდან, იურიდიულად რაც შეუძლია გააკეთოს თეატრმა, უკვე გააკეთა. თუ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და ეს კაცი დამნაშავედ გამოცხადდება, რუსთაველის თეატრი მიიღებს კიდევ უფრო მეტ გადაწყვეტილებას. სოლიდარობას ვუცხადებთ ნინუცა მაყაშვილს ჩვენც და მთელი თეატრიც, ვგმობთ ძალადობას. რობერტ სტურუას ბესო ზანგურისთვის სოლიდარობა არ გამოუცხადებია და არ გაუმართლებია მისი საქციელი, ბატონმა რობერტმა თქვა, რომ თუ დამნაშავე ნაპოვნი არ არის, რატომ დავსაჯოთ ადამიანი. ამაზე გამოვიდნენ და თქვეს, რომ ახალისებს ბესო ზანგურს, იმიტომ, რომ ის არის დამნაშავე. სანამ ეს აქცია დაიწყებოდა, აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ რობერტ სტურუა არის ბოროტება, შეურაცხყოფას აყენებს ქალებს და ამცირებს. თუ რეპეტიციაზე ნამყოფი არ არიან, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია? თეატრში 61 ადამიანი მუშაობს, მათ შორის ქალებიც, არავინ არაფერს არ ამბობს და ეს არაფერს არ ნიშნავს?”, - აღნიშნა გოგა ბარბაქაძემ.