განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, სკოლებში COVID19-ით ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა სკოლებზეც აისახა, თუმცა აქსიმალურად დაცული ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.
ამ ეტაპზე, დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 73 სკოლა და 133 პედაგოგია. სამინისტრო განმარტავს, რომ სკოლებში ინფიცირების გამოვლენის შემთხვევებში, როგორც წესი, კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები ვრცელდება.
„კერძოდ, 10-დან 16 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1 %-ს დაუდასტურდა. მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 73 სკოლა და 187 ცალკეული კლასი იმყოფება. ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა რისკჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ“ - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.