BBC: სკრიპალის მოწამვლაში ეჭვმიტანილები ჩეხეთში მომხდარ აფეთქებასთან არიან კავშირში

BBC ჩეხეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლაში სავარაუდო ეჭვმიტანილებს, ალექსანდრე პეტროვს და რუსლან ბოშიროვს 2014 წელს ჩეხეთში მომხდარ აფეთქებასთან აქვთ კავშირი.

ჩეხი სამართალდამცველების ინფორმაციით, ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი 2014 წლის 11-16 ოქტომბერს თავდაპირველად პრაღაში ჩავიდნენ, შემდეგ კი იმ ადგილას გაემგზავრნენ, სადაც აფეთქება მოხდა.

გამოცემის ინფორმაციით, 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარი აფეთქების დროს, პეტროვი და ბოშიროვი ჩეხეთში იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის პოლიციამ რუსეთის ორ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხდა. საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ჩეხეთმა 18 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.