"აშშ-ის მთავრობამ რუსეთი გააფრთხილა, თუ ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპება, ამას "შედეგები მოჰყვება", - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ეროვნული უშიშროების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ რუსეთის მთავრობას განვუცხადეთ, რომ ის, რაც მათ პატიმრობაში მყოფ ბატონ ნავალნისთან დაკავშირებით ხდება, მათი პასუხისმგებლობაა და ისინი პასუხს აგებენ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.
ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ზომები, რა "ფასის" გადახდაც შეიძლება დაეკისროს რუსეთს, მაგრამ კონკრეტულ ზომებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე საჯაროდ საუბარს არ ვაპირებ. მაგრამ ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ ბატონი ნავალნი მოკვდება, ამას შედეგები მოჰყვება", - განაცხადა სალივანმა.
რუსი ოპოზიციონერის ექიმი ამბობს, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება.ალექსეი ნავალნი მესამე კვირაა, შიმშილობს და სათანადო სამედიცინო დახმარებას ითხოვს. ნავალნის ექიმების ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გარეშე, რუსი ოპოზიციონერი შესაძლოა, დაიღუპოს.