"გირჩმა" შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა

"გირჩის" სამმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერეს.

ხელმოწერის ამსახველი ფოტო, სოციალურ ქსელში განათავსეს.

როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, უნდა შეთანხმება თუ არა.

„ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავიანთი წინადადება. მე ვფიქრობ, რომ დარჩენილმა 60-მა კაცმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, რომ ფეხებზე დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ეს ყველაფერი. მოდით, ჩვენ რაღაცნაირი მაგალითი მივცეთ იმის, რომ ეს შესაძლებელია - მოვაწეროთ ხელი ამ ფორმალურ დოკუმენტს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებს ახალ წინადადებებს სთავაზობს

ახალი დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.