კეთილი იყოს "გირჩის" ფეხი საქართველოს პარლამენტის შენობაში,- ამის შესახებ "გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ განმარტა, პარლამენტში "გირჩის" გზის აღსასრულებლად შევიდნენ.
"ჩვენ პარლამენტის შენობაში შემოვედით "გირჩის" იმ გზის აღსასრულებლად, რაც დაახლოებით 10 დღის წინ გამოვაქვეყნეთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ხელისუფლებისკენ, რათა ველაპარაკოთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რაც გვაწუხებს. 7 საკითხი, რაც "გირჩს" აწუხებს, იქნება მთავარი, რაზეც "გირჩი" ამ შენობაში იბრძოლებს.
ამავდროულად, ჩვენ გვინდა ვიყოთ ხალხი, რომელმაც უნდა წაახალისოს შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
ვიცით, რომ ჩვენი მეგობრების მიერ წარმოდგენილია დოკუმენტი, რომელიც კრიზისიდან გამოსვლას ემსახურება. შესაბამისად, ჩვენ გვინდა და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს დოკუმენტი აღსრულდეს ქართული პოლიტიკური სპექტრის მიერ. თუ ეს დოკუმენტი არ აღსრულდება, ეს იქნება პრობლემა ამ ქვეყნისთვის. ასევე, ეს იქნება იმედგაცრუება დასავლელი პარტნიორებისთვის. აქედან გამომდინარე, სიმბოლურად მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს და ველოდებით პირველ რიგში ხელისუფლების ხელმოწერას, რომ პირდაპირ შევიდეთ პარლამენტის დარბაზში. ასევე, თუ ამას ხელისუფლება არ იზამს, ველოდებით შვიდიდან ერთი საკითხის დაკმაყოფილებას, რომ პირდაპირ შევიდეთ პარლამენტის დარბაზში. ვიდრე ეს მოხდება, ჩვენ კულუარებში ან დერეფანში ველოდებით ჩვენს კოლეგებს, რომ ერთად შევიდეთ პარლამენტის დარბაზში", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.