ცნობილია, ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება "იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“, რომელში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, თუ ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები.

დადგენილება არ გავრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა და მათ მიერ შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. გარდა ამისა, საჯარო დაწესებულება განსაზღვრავს, მის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტებიდან, ვისზე არ გავრცელდება მთავრობის 16 აპრილის დადგენილება.

უქმე დღეები არც "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე გავრცელდება.

თავად საჯარო უწყებებს კი დადგენილებით განესაზღვრათ მოთხოვნა, შეიქმნას იმ პირთა ნუსხა, რომლებიც ე.წ. "უქმე დღეების" პერიოდშიც გააგრძელებენ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებას.

„უქმე დღეების შესახებ მიღებული დადგენილება, არ ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა (გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომელიც სხვა ნიშნით არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირს) და მათ მიერ შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. ასევე დასვენების დღეები არ შეეხება/გავრცელდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ და დავების განხილვის საბჭოს საქმიანობებზე.

ასევე, საჯარო დაწესებულება განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთაც არ შეეხებათ დასვენების დღეები, თუ მათი ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობლობას”,- ნათქვამია დადგენილებაში.

დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრავენ იმ მეწარმე სუბიექტებს ან/და საქმიანობებს, რომლებზეც უქმე დღეები არ გავრცელდება.