ეს არის არსებული კრიზისის განმუხტვის  შესაძლებლობა - "გახარიას გუნდი" შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს მოაწერს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტირს გიორგი გახარიას გუნდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერს.

"ეს არ არის იდეალური შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის არსებული კრიზისის განმუხტვის და დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა. რასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ და ხელს მოვაწერთ", - ამის შესახებ გახარიას გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც პარლამენტის წევრიცაა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

"ფაქტია, რომ პოლიტიკოსების ორივე მხარის უპასუხისმგებლო ქმედებებმა, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. აქედან უდანაკარგო გამოსავალი, უბრალოდ, აღარ არსებობს. სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის ხელმძღვანელობაში ბრალდებული ადამიანის მიმართ კანონის არათანმიმდევრული აღსრულებით და პარტიაში შევარდნის გზით, ეს საქმე აქციეს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად, რითაც შექმნეს ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მეტად სახიფათო პრეცედენტი. პოლიტიკოსების ამ უპასუხისმგებლობამ ჩვენი პარტნიორები იძულებული გახადა პირდაპირ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყვნენ. დღეს კრიზისის განმუხტვა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივისთვის... ამ ფონზე რადიკალიზმის გაგრძელება შეუძლებელია", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.