ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების დაწესებაზე, ხვალ, პრემიერის მეთაურობით მოწვეული კოვიდსაბჭო იმსჯელებს.
ტიკარაძე აცხადებს, რომ სხდომაზე ასევე იქნება მსჯელობა, თუ რომელი ორგანიზაციები არ იმუშავებენ უქმედ გამოცხადებული დღეების განმავლობაში.
„ეპიდვითარება საკმაოდ რთულდება, ამისთვის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შრომითი ინსპექციის მხრიდან გამკაცრებულია მონიტორინგი, ასევე გამკაცრდა დაჯარიმებები, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან შენარჩუნებული იქნას მსგავსი მიდგომა, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა, რათა ინფექციის გავრცელების დროული შეკავება მოხდეს. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 ათას აღემატება, რაც ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. ხვალ პრემიერის მეთაურობით მოწვეულია კოვიდსაბჭო, სადაც განვიხილავთ დამატებით ღონისძიებებს, რომელიც განხორციელდება.
საბჭოზე განვიხილავთ კომპლექსურად იმ მაჩვენებლებს, რომლებიც ხდება გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რათა ქვეყანაში სხვადასხვა რეგულაცია დაწესდეს.
ასევე, საბჭო უქმე დღეებთან დაკავშირებითაც იმსჯელებს. ვიმსჯელებთ, რომელი ორგანიზაციები და რა მიმართულებები განაგრძობენ მუშაობას და რა მიმართულებისთვის იქნება შეზღუდული სამუშაოს გაგრძელება“,- განაცხადა ტიკარაძემ.