ნაფიცმა მსაჯულებმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანეს

მინეაპოლისის სასამართლომ ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. მას 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ნაფიცმა მსაჯულებმა შოვინის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

მოსამართლემ დერეკ შოვინის სასჯელის ზომა რვა კვირაში ვადაში უნდა გამოაცხადოს.

ცნობისთვის, 46 წლის ფერადკანიანი მოქალაქე მინეაპოლისში პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად გარდაიცვალა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ პოლიციის ოფიცერი, დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერდა, ხოლო დაკავებული ჯორჯ ფლოიდი კი სუნთქვის საშუალების მიცემას ითხოვდა. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 მარტს დაიწყო.

სლოგანით „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ აშშ-სა და მსოფლიოს სხვა, არაერთ ქვეყანაში რასიზმს აპროტესტებდნენ.