საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა მოქმედი შეზღუდვა ძალაში რჩება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ყველა მოქმედი შეზღუდვა ისევ ძალაში რჩება.

როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განმარტა,ამ ეტაპზე განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგულაციების დაცვასა და მათ აღსრულებაზე მკაცრ კონტროლს.

"მკაცრი შეზღუდვების თავიდან აცილებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან აცილების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებასთან დაკავშირებით.

ასევე ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც ნიშნავს, რომ ისინი მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე.

როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და მივმართავთ რეკომენდაციით მაქსიმალურად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

ამასთან, მაქსიმალურად გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტებისა და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი, ასევე საზღვარზე შემოსული პირების PCR-ტესტირების ჩატარების მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ.

საწარმოებში, სადაც გამოვლინდება შემთხვევები, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები და დამსაქმებელთა მაქსიმალური ჩართულობით უნდა იყოს უზრუნველყოფილი აქტიური ტესტირება.

ეპიდვითარების გაუარესების გათვალისწინებით, ხანდაზმულ პირებს მოვუწოდებთ, მივმართავთ რეკომენდაციით მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება პირბადის სწორედ მოხმარება და დისტანციის დაცვა. ასევე, ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის სოციალური ღონისძიებები, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია", - განაცხადა ღიბრაძემ.

საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები: გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და უარი თქვან ხალხმრავალ შეკრებებზე.