National Interest-ი: იქნება თუ არა ადამიანის უფლებები თურქეთთან ბაიდენის ურთიერთობებში წამყვანი საკითხი

ანალიტიკური ონლაინ პლატფორმა Nationalinterest-ი ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიკრობლოგში, თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს მიმოიხილავს და წერს, რომ ურთიერთობების გაუარესების ასეთი პრეცედენტი, რომელიც რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრეზიდენტობის დროს შეინიშნება, თანამედროვე თურქული სახელმწიფოს 90-წლიან ისტორიაში არ არსებობს.

„ეს ურთიერთობები შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც სომეხთა გენოციდს მიმდინარე თვეს აღიარებს. ერდოღანისთვის ამის გადაყლაპვა ალბათ მძიმე იქნება და სავარაუდოდ, მას მკაცრი პასუხი ექნება. თურქი რეფორმატორების აზრით, გენოციდის აღიარება წარსულს გააღვივებს და თურქეთს დასავლეთის წინაშე უფრო ანგარიშვალდებულად აქცევს.

ისტორიის წინაშე მდგარ თურქეთს მოუწევს, აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც ისტორიკოსების უდიდესი უმრავლესობა ამბობს, რომ ეს არის გენოციდი: მილიონნახევარი სომეხის გადასახლება და მკვლელობა. ბაიდენიც აღიარებს ამას, მან მისი მოღვაწეობის განმავლობაში, არაერთხელ მოუწოდა შეერთებულ შტატებს სენატში, რომ ეღიარებინათ სომეხთა გენოციდი და მოგვიანებით, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, როდესაც თქვა, რომ „თუ ჩვენ სრულყოფილად არ ვაღიარებთ, ვახსენებთ და ვასწავლით ჩვენს შვილებს გენოციდის შესახებ, სიტყვები მნიშვნელობას არასდროს დაკარგავს“.

ვაშინგტონის მიერ გენოციდის აღიარებამ შეიძლება, საფრთხე შეუქმნას აშშ-ის დაშვებას ინჯირლიკის ავიაბაზაზე, ისევე როგორც თურქეთში სხვა სამხედრო ბაზებზე. აშშ-ის მიერ სომხეთის გენოციდის აღიარება ალბათ არ გამოიწვევს ანკარის საზიანო ქმედებების დასრულებას. პრეზიდენტმა ბაიდენმა და კონგრესმა უნდა დაიწყონ ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვა, მათ შორის თურქეთის მიერ რუსეთისგან S-400 შეძენის გამო, სანქციების გაძლიერება. ასევე შეიძლება დაწესდეს ახალი სანქციები. ერდოღანმა იცის, რომ თურქეთს არ ძალუძს ეკონომიკური ომი შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. თურქული ლირა უკვე ჩამოიშალა არასათანადო მენეჯმენტის წყალობით“, - აღნიშნულია სტატიაში.

აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია 2019 წლის დეკემბერში მიიღო. გასულ თვეს, ორმოცამდე ამერიკელმა სენატორმა კი, მათ შორის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯო ბაიდენს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდებს.

სენატორების განცხადებაში ნათქვამია, რომ 1915-1923 წლებში ოსმალეთის იმპერია სისტემატურად ცდილობდა სომხური მოსახლეობის განადგურებას, რის შედეგადაც 1.5 მილიონი სომეხი მოკლეს, ხოლო ასობით ათასი ადამიანი სამშობლოდან გააძევეს.

ამერიკელი კანონმდებლების განცხადებით, „ჯო ბაიდენმა ოფიციალურად უნდა აღიაროს გენოციდი, რათა მკაფიოდ გაჟღერდეს ის, რომ აშშ-ის მთავრობა ამ საშინელ ჭეშმარიტებას აღიარებს“.

დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ნებისმიერი ნაბიჯი 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარების შესახებ კიდევ უფრო დააზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.