დავით ზალკალიანი რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

22-24 აპრილს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტს ეწვევა, სადაც ის, თავის უკრაინელ კოლეგასთან ერთად რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება რეგიონალურ უსაფრთხოებასთან და საქართველოს და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.

"ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი პირისპირ შეხვედრებს გამართავს პოლონეთის, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ამასთან, საქართველოსა და რუმინეთის პირველი დიპლომატები ხელს მოაწერენ 2021-2022 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროების სამოქმედო გეგმას", -ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულ ვიზიტს დავით ზალკალიანი Twitter-ში გამოეხმაურა.

„მოხარული ვარ, რომ მივემგზავრები რუმინეთში, რათა ჩემს უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან ერთად მონაწილეობა მივიღო რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში და განვიხილო მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ქვეყნის შიდა და რეგიონული უსაფრთხოება. მადლიერი ვარ ჩემი კოლეგებისა ამ შესაძლებლობისთვის," - წერს ზალკალიანი.