სირიის ქალაქ იდლიბში პირველი ვაქცინა ჩაიტანეს

იდლიბში კოვიდვაქცინის პირველი პარტია ჩაიტანეს. ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

ტვირთი სირიამ COVAX პლატფორმის საშუალებით მიიღო. ვაქცინაცია პირველ მაისს დაიწყება.

იდლიბში სულ, AstraZeneca-ს 54,000 დოზა მიიღეს.

პრიორიტეტი მიენიჭებათ სამედიცინო პერსონალს, 60 წელს გადაცილებულებს და ქრონიკული დაავადებების მქონეებს.

2020 წელს, გაეროს ეგიდით შექმნილი საერთაშორისო კომისიის მიერ ჩატარებული გამოძიების დასკვნის თანახმად, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამთავრობო ძალები სირიაში სისტემატიურად ახორციელებდნენ იერიშებს იდლიბში სამოქალაქო ობიექტებზე, რაც სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ იდლიბის დატოვება თითქმის მილიონ ადამიანს მოუწია, რისი მიზეზიც საბავშვო ბაღებზე, სკოლებსა და ბაზრობებზე მიტანილი იერიშები გახდა. საერთო ჯამში კომისიამ დააფიქსირა 52 იერიში, რომელთა უკანაც რუსეთისა და სირიის სამხედრო საჰაერო ძალები დგანან.

.