კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი, თომას დე ვაალი მიმდინარე მოვლენებსა და 2003 წელს განვითარებულ მოვლენებს შორის ავლებს პარალელს, როდესაც ჯეიმს ბეიკერი თბილისს ეწვია.
„18 წლის შემდეგ, როდესაც ჯეიმს ბეიკერი ჩაფრინდა თბილისში კრიზისის გადასაჭრელად, ქართველები ისევ ვერ აგვარებენ კრიზისს დასავლეთის შუამავლოლბის გარეშე? პოლიტიკური კულტურა კვლავ მოითხოვს: „მე უნდა დავარტყა სხვას, ვიდრე ამ ბრძოლიდან არ ამომათრევენ“. როდის შეიცვლება ეს?
კარგია, რომ ქართველი პოლიტიკოსები კრიზისის დასრულებისთვის ევროკავშირის შუამავლობით შემუშავებულ დოკუმენტს დაეთანხმნენ. ჩვენ ალბათ ვნახავთ პატიმრების შეწყალებას, პარლამენტის ბოიკოტის დასრულებას. შეიძლება, ახალი არჩევნებიც წელს. თუმცა რატომ...“, - ამბობს ანალიტიკოსი.
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი თბილისს 2003 წლის 5 ივლისს ეწვია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე ბეიკერი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების საკითხს განიხილავდა.
თეთრი სახლის მიერ 3 ივლისს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამი იყო, რომ ბეიკერის მისიის ძირითადი მიზანი პრეზიდენტ შევარდნაძესთან ერთად თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გზით ქვეყანაში გასატარებელი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხილვა იყო.
5, აგვისტოს, პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის მხარდამჭერი ფრაქციების, ასევე „აღორძინებისა“ და „მრეწველების„ ხმების მხარდაჭერით ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს ეწინააღმდეგებოდა, მაინც დაამტკიცა.
ამ წესის თანახმად ცსკოს ხუთ წევრს დაამტკიცებდა პრეზიდენტი, სამს - აღორძინება, ორს - მრეწველები, ხოლო თითო-თითოს - „გაერთიანებული დემოკრატები“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტები“ და „ახალი მემარჯვენეები“.
მიღებული წესით დაირღვა პარიტეტის პრინციპი, რაც ერთ-ერთი მთავარი პირობაა იყო მოდელში, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, იმ პერიოდში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა წარუდგინა.
მანამდე, 2 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა და მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას, სრულად განეხორციელებინათ ე.წ. ბეიკერის გეგმა და დროულად შეთანხმებულიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაზე.
„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რაც წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის აუცილებელ პირობას. სწირედ ამ მოტივით იყო ჩამოსული აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მოთხოვნით, რომელის გეგმაც ნათლად აჩვენებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისაკენ მიმავალ გზას”, - ნათქვამი იყო აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2003 წლის 31 ივლისს კი, ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის ძალისხმევას, რომელიც (აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის გეგმის მიხედვით) ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებისკენაა მიმართული.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი საარჩევნო კოდექსი გასულ კვირას პირველი მოსმენით იქნა მიღებული, სენატორი შიშობს, რომ საქართველოს პარლამენტი ვერ შეძლებს დოკუმენტის მეორე და მესამე მოსმენით მიღებას.
მხარს ვუჭერ ისეთი საარჩევნო კოდექსის მიღებას, რომელიც სრულად ასახავს „ბეიკერის გეგმას“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების თაობაზე. პოლიტიკური პარტიების ან მთავრობის მხრიდან ნებისმიერი მცდელობა, პარიტეტის დარღვევის ხარჯზე უპირატესობა მოიპოვონ საარჩევნო კომისიაში, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ნოემბერში დანიშნული არჩევნების სამართლიანობას”, - ნათქვამი იყო სენატორის განცხადებაში.
„ბეიკერის გეგმა“
აშშ-ს ყოფილმა სახელწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა თბილისში ვიზიტის დროს ორი რეზოლუცია წარადგინა:
ერთ-ერთი დოკუმენტი ითვალისწინებდა საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას, რომლის მიხედვით 9 წევრი ოპოზიციური პარტიებიდან იქნებოდა წარმოდგენილი, 5 კი - მთავრობიდან. კომისიის თავმჯდომარე კი ეუთოს წარმომადგენელი იქნებოდა.
ამ რეზოლუციების შესრულების მონიტორინგის განხორციელების მიზნით საქართველოში დარჩა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ელიზაბეტ ჯონსი, რომელიც თან ახლდა ჯეიმს ბეიკერს.
შარლ მიშელის დოკუმენტი - სამომავლო გზა საქართველოსთვის
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი, რომელსაც 19 აპრილს მოეწერა ხელი, 5 პუნქტს მოიცავს, მათ შორის საარჩევნო რეფორმის საკითხსაც.
პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება
საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ შეთანხმების განხორციელებისთვის, დოკუმენტის ხელმომწერმა მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს.
გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.
ვადები: ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ამ დებულების შესასრულებლად საჭირო ქმედებები;.ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ კენჭი უყაროს საკანონმდებლო და რეგლამენტის ცვლილებებს.
პარლამენტში ძალთა გადანაწილება
ოპოზიციის დეპუტატებისთვის უნდა გამოიყოს 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 შემდეგი 5 კომიტეტიდან უნდა იყოს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერტობების კომიტეტი.
ოპოზიციის დეპუტატებებისთვის უნდა გამოიყოს თავმჯდომარის 1 პოზიცია შემდეგი საპარლამენტო დელეგაციებისთვის საერთაშორისო არენაზე: ევრონესტი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.
მომავალი არჩევნები
2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
„მხარეები ითვალისწინებენ OSCE/ODIHR-ის მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომლის თანახმად, „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ამის მიუხედავად, ამომრჩეველზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის წაშლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ. ფორმალისტური ნიშნით საჩივრების უმრავლესობის სისტემურმა უარყოფამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება“.
მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად.
2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.