აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდას ითვალისწინებს, მათ შორის იგულისხმება ლეტალური იარაღით დახმარება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამ აქტით უკრაინას 2026 წლამდე წელიწადში 300 მილიონ დოლარამდე მოცულობის სამხედრო დახმარება გაეწევა, საიდანაც 150 მილიონი დოლარი ექვემდებარება პირობებს. ის უნდა მიიღონ პალატამ და სენატმა და ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომ იქცეს კანონად.
უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გამოძახების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, უკრაინის მთავრობას ექნება საშუალება, ოპერატიულად დააკომპლექტოს სამხედრო ნაწილები ისე, რომ მობილიზაციის გამოცხადება საჭირო აღარ გახდება.
პრეზიდენტის მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ხელმოწერის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
კანონის მიხედვით, განსაკუთრებულ პერიოდში სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მოქალაქეებს, რომელთაც სამხედრო სამსახურის რეზერვში გავლის შესახებ კონტრაქტი აქვთ გაფორმებული. მათი გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიიღებს. სამხედრო სამსახურში გაწვევის უგულებელყოფა სისხლის სამართლებრივი დანაშაული იქნება.
შეგახსენებთ, უკრაინის საზღვრებთან ვითარება უკვე რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. კიევის ცნობით, უკრაინის საზღვრების სიახლოვეს და ყირიმში მობილიზებულია 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი. შეერთებულ შტატებსა და NATO-ში აცხადებენ, რომ რუსული ჯარის მობილიზება ყველაზე მასშტაბურია 2014 წლის შემდეგ, როდესაც მოსკოვმა უკანონო ანექსია მოახდინა