17:00 საათისთვის 165 საჩივარი დარეგისტრირდა

ცესკოს პრეს-სპიკერ ანა მიქელაძის განცხადებით, 17:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 607 530 მოქალაქემ, რაც საერთო რაოდენობის 45.77%-ია.

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში - 57.3%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა არის ისევ ქვემო ქართლის რეგიონში - 41.9%.

"საარჩევნო უბნების გარეთ ფიქსირდება დაპირისპირება პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს შორის, რაც გარკვეულწილად შეიცავს უბნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის რისკს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა მხარემ უზრუნველყოს სიმშვიდის დაცვა, აღიარებული ეთიკური ნორმების პატივისცემა და ხელი შეუწყონ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება საჩივრებს, მისივე ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 165 საჩივარი, რომლებიც ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს.

"თითოეულ საჩივარს შეისწავლიან საოლქო საარჩევნო კომისიები და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას", - განმარტა მან.