საპატრიარქო: მღვდელმთავართან დაპირისპირება, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ მიტროპოლიტ სტეფანესთან დაპირისპირებას, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეპარქიაში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შეფასებას თავად ჭყონდიდელი მღვდელმთავარიც გააკეთებს.

„მღვდელმთავართან მსგავსი დაპირისპირება, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა და იმეორებს იმავე პათოსს, რაც ამ ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრისგან ეპარქიიდან გათავისუფლების შემდეგ მომდინარეობს. მასთან დაახლოებულ სასულიერო პირთა ნაწილი დღემდე არ ეგუება სინოდის გადაწყვეტილებას და ეპარქიაში ახალი მმართველის დადგენას, ისინი გამოირჩევიან ამბოხის სულისკვეთებით, ზღვარგადასული, გაუწონასწორებელი ქმედებებითა და, ზოგადად, მოქმედებენ საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით.

ჭყონდიდის ეპარქიის ამჟამინდელი მმართველი - მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ აღჭურვილია ამ ეპარქიის მართვის სრული უფლებამოსილებით. შესაბამისად, მას მინიჭებული აქვს ძალმოსილება ეპარქიის საეკლესიო კანონიკის ფარგლებში მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებისა.

აქედან გამომდინარე, ეპარქიაში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შეფასებასაც ჭყონდიდელი მღვდელმთავარი თავად გააკეთებს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გუშინ, მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მას ტაძარი დაკეტილი დახვდა. ტაძრის ყოფილმა წინამძღვარმა, ბერებბმა და მრევლმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტი ტაძარში არ შეუშვეს.