რამდენი ასი ადამიანიც ავად გახდება, მინიმუმ, ჩვენი ერთი თანამოქალაქე დაიღუპება, ეს არის რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყოველდღიურად კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.
„დღეს ხომ დღეში 1 200-1 300 ახალ ავადმყოფზე ავედით და დათვალეთ, ცოტა ხანში, დღეში რამდენი ადამიანი დაგვეღუპება. აქედან გამოსავალი ისაა, რომ წესები დავიცვათ – პირბადე ვატაროთ, ხალხმრავალ შეკრებებს, ძირითადად, სუფრებს მაქსიმალურად ავარიდოთ თავი და ა.შ“, – განაცხადა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
კითხვაზე, უნდა გაძლიერდეს თუ არა საინფორმაციო კამპანია, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საზოგადოება ინფორმაციის ნაკლებობას არ განიცდის.
„კაცს რომ ახლობელი, ნათესავი, ან ოჯახის წევრი მოუკვდება, მე უნდა ვუთხრა, ძალიან გთხოვ, ნიღაბი კაიკეთე-თქო?! ან, რამდენჯერ უნდა ვუთხრათ?! ჩვენთან პირბადის მოხმარება 50%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოების ნახევარი რეგულაციებს არ იცავს. მე პიარის სპეციალისტი არ ვარ და ვერ ვიტყვი, როდესაც ქვეყანაში ამხელა მსხვერპლია და კოვიდის არ სჯერათ, როგორ შეიძლება, ამ ადამიანების გონებამდე დაიყვანო ის, რომ კოვიდი საფრთხეა? მე არ ვიცი და შეიძლება, პიარის სპეციალისტებმა იციან“, – განაცხადა იმნაძემ.