ებრაელი ულტრამემარჯვენე აქტივისტების, პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა. BBC-ის ინფორმაციით, ასეულობით ებრაელი აქტივისტი სკანდირებდა: „სიკვდილი არაბებს“, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, აქციის ზოგიერთი მონაწილე ქვებს და ბოთლებს ისროდა. რამდენიმე ადამიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 100 პალესტინელი დაშავდა, 21-ს საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდა.
იერუსალიმის ძველ უბანში, დამასკოს კარიბჭესთან, პოლიცია ებრაელებისა და არაბების განცალკევებას ცდილობდა.
ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირებისას 20 სამართალდამცველი დაშავდა. პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ესხმიან თავს ებრაელი ახალგაზრდები არაბების სახლებს იერუსალიმის ძველ უბანში.