ალექსეი ნავალნი შიმშილობას წყვეტს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია მისი Instagram-ის გვერდზე გავრცელდა.

ნავალნის განცხადებით, მისი მოთხოვნა დამოუკიდებელი ექიმის მიერ გასინჯვასთან დაკავშირებით, უცვლელი რჩება.

"არ ვცვლი ჩემთან აუცილებელი ექიმის დაშვების მოთხოვნას. ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობა მეკარგება და მსურს გავიგო, რა არის ეს და როგორ ვუმკურნალო, მაგრამ ამ პროცესის პროგრესის და ყველა ვითარების გათვალისწინებით, ვიწყებ შიმშილობის შეწყვეტას.

წესების თანახმად, ამას ასევე 24 დღე დასჭირდება და ამბობენ, რომ ეს შიმშილობაზე რთულიც კია. ასე რომ წარმატება მისურვეთ"- წერს ალექსეი ნავალნი.