„საქართველოში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება დაბრკოლებას აწყდება“, - ამ სათაურით სტატიას Eurasianet-ი აქვეყნებს. ავტორი წერს, რომ ოპოზიციისა და მთავრობის მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, მხარეები შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტთან დაკავშირებით, იურიდიულ ნიუანსებზე კამათობენ, რაც ეხება ფართო ამნისტიას და რომელიც მოიცავს ოპოზიციის მთავარი ფიგურების ციხიდან გათავისუფლებას.
„კრიზისის დროს, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ნიკა მელიას, საქართველოს უდიდესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გათავისუფლება იყო. მთავრობამ წინააღმდეგობა გაუწია, ამტკიცებდა, რომ მან დაარღვია კანონი 2019 წლის საპროტესტო აქციებზე ძალადობისკენ მოწოდებით. ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ფართო ამნისტიის კანონის საფუძველზე მელიას გათავისუფლებაზე დაითანხმეს.
კანონი მმართველმა პარტიამ უნდა წარადგინოს და მიიღოს პარლამენტმა, რომელიც ახლა თითქმის მხოლოდ მმართველი პარტიისგან შედგება, ოპოზიციის ბოიკოტის შემდეგ. ზოგიერთმა ოპოზიციურმა ჯგუფმა და წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას და თანახმაა, შეწყვიტონ ბოიკოტი, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა დოკუმენტზე ხელმოწერაზე და ამტკიცებს, რომ მელია სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლონ. კრიზისის განმავლობაში, ოპოზიციამ მელია, როგორც ალექსეი ნავალნის სტილის ფიგურად ჩამოაყალიბა, „მარტოხელა მეომრად“ რომელიც მთავრობის მცდელობებს ეწინააღმდეგებოდა. იმავდროულად, მთავრობამ წარმოაჩინა მელია, როგორც „ავანტიურისტი“, რომლის მიზანი მთავრობისადმი საბოტაჟია“, - წერს Eurasianet-ი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) რომელსაც 19 აპრილს მოეწერა ხელი, 5 პუნქტს მოიცავს, მათ შორის არის “პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება“: საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ შეთანხმების განხორციელებისთვის, დოკუმენტის ხელმომწერმა მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს.
მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად.
2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.