პრეზიდენტის ინიციატივით, ახალგაზრდა მთარგმნელის პირველი თარგმანისთვის ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია დაწესდა

პრეზიდენტის ინიციატივით, ახალგაზრდა მთარგმნელის პირველი თარგმანისთვის ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია დაწესდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის მერიისა და იუნესკო-ს პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე, ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

"საქართველო თავისი 16 საუკუნოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობით, თბილისი თავისი ლიტერატურული და საგამომცემლო ტრადიციებით, მრავალენობრიობით, მრავალანბანურობით, ღიაობით და თავისუფალი ცხოვრების სტილით იყო და დღესაც, ნამდვილად არის მსოფლიოში გამორჩეული ქალაქი, რომელსაც შესწევს ძალა და შემოქმედებითი ენერგია, ღირსეულად უმანსპინძლოს ლიტერატურით დაინტერესებულ სტუმრებს მთელი მსოფლიოდან! იყოს ახალი წამოწყებებისა და ინიციატივების ადგილი, იყოს მწერლებისთვის ახალი შთაგონების წყარო.

რადგანც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო მოვლენაზე, მინდა ხაზი გავუსვა ერთ აუცილებლობას: ჩვენ მეტი მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ ჩვენს მთარგმნელებს, რამეთუ ჩვენი ადგილი მსოფლიო ლიტერატურულ სამყაროში თარგმანზე გადის.

მაშასადამე, ამ მოვლენასთან დაკავშრებით მსურს გამოვაცხადო ჩვენი ინიციატივა: პრეზიდენტის ეგიდით დაწესდა ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია ახალგაზრდა მთარგმნელის პირველი თარგმანისათვის, რომელიც გაიცემა UNESCO-ს წლის ფარგლებში, მომავალი წლის 22 აპრილს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.