"მართალია, ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტები მიზანმიმართულად ავრცელებენ.
"მე ვარ "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, პარალელურად ვარ დედაქალაქის მერი. შესაბამისად, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას და იმ პასუხისმგებლობის ტარებას, რომელიც დამაკისრა თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ.
რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, მოგვიანებით თქვენთვის და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ყველაფერი.
მიზანმიმართულად ავრცელებთ ინფორმაციას, თითქოს პოლიტიკიდან მივდივარ და ამისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიმიზეზე. მართალია, ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ" - აღნიშნა კახა კალაძემ.