"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კოვიდტესტირებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენინიტენციური სამსახური ავრცელებს.
"მიმდინარე წლის 23 აპრილს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ადვოკატს მისი საქმიანობიდან გამომდინარე შეხება ჰქონდა ბრალდებულ ნ.მ-თან.
აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ადვოკატი ბექა ბასილაია, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულ ნ.მ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში 2021 წლის 19 აპრილს შეხვდა.
ბრალდებულსა და ადვოკატს შორის შეხვედრა მინის ბარიერის მიღმა, კოვიდრეგულაციების წესების სრული დაცვით განხორციელდა. შესაბამისად, მისი ვირუსით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ დაბალია. მიუხედავად ამისა, ბრალდებულს შეეთავაზა სწრაფი ანტიგენის ტესტით ტესტირება, რაზეც უარი განაცხადა. გაფორმდა შესაბამისი ოქმიც.
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულს ტემპერატურის მატება აღენიშნება, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამ ეტაპზე მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს. მედპერსონალისადმი რაიმე ჩივილების წარდგენის შემთხვევაში ჩაუტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა სამედიცინო გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა,"- აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.