სენატორი შაჰინი: მსურს, საქართველოს მივულოცო შეთანხმების მიღწევა, მაგრამ მძიმე სამუშაო ახლა იწყება

მსურს, საქართველოს მივულოცო შეთანხმების მიღწევა, მაგრამ მძიმე სამუშაო ახლა იწყება, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც გადაჭრის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობა და COVID-19-ის პანდემია.

"ვამაყობ, რომ შევუერთდი სენატორებს ჯონსონს და რიშს სენატისთვის იმის მოწოდებაში, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს მიერ ამ კვირაში მიღწეული შეთანხმების სრულყოფილად შესრულებას, რადგან დასრულდეს პოლიტიკური ჩიხი. მინდა საქართველოს მივულოცო ამ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ მძიმე სამუშაო ახლა იწყება.

ეს რეზოლუცია ასახავს ჩვენს ერთგულებას საქართველოსა და მისი ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, და ასახავს ჩვენს მოლოდინს, რომ საქართველო სრულად შეასრულებს შეთანხმების პირობებს, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვოს.

ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც გადაჭრის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობა და COVID-19-ის პანდემია.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პოლიტიკურ ბედს შორსმიმავალი შედეგები აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში დემოკრატიის მდგომარეობისთვის და მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს ძლიერი დემოკრატიის აშენებაში", - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

ამერიკელმა სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.