ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წინასწარი მონაცემებით, 56.11% შეადგინა.
როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა 1 მილიონ 970 540-მა ამომრჩეველმა მისცა.
„ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია - 63,8%, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში - 51%" , - განაცხადა მიქელაძემ.
ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, საღამოს 20:00 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, ხოლო იმ უბნებზე, სადაც რიგში იყვნენ ამომრჩევლები, მათ ხმის მიცემის საშუალება მიეცათ.
მისივე ცნობით, 127 სპეციალურ უბანზე გადასატანი ყუთი 21:00 საათამდე დაბრუნდა.
ცნობისთვის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეს მაჩვენებელი 51.63% იყო. ხმა მისცა 1 814 276-მა ადამიანმა. 2012 წელს კი - 60.8%. ხმა მისცა 2 197 243-მა ადამიანმა.