30 აპრილს Astra zeneca-ს ვაქცინების მეორე პარტია შემოვა

"საქართველოში 30 აპრილს და მაისის შუა რიცხვებში „ასტრაზენეკას“ მორიგი პარტიები შემოვა, რომლითაც პირველი დოზით აცრილი ადამიანების ვაქცინაცია მოხდება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, „ასტრაზენეკას“ პირველ პარტიას 31 მაისამდე აქვს მოხმარების ვადა, თუმცა იმედოვნებს რომ აღნიშნული მარაგის სრულად გამოყენებას შეძლებენ, რადგან მასზე მოთხოვნა იზრდება.

„ასტრაზენეკა“ საკმაოდ იხარჯება ახლა და შემოსულ პირველ პარტიას გავხარჯავთ მაისის განმავლობაში. 30 აპრილს ველოდებით „ასტრაზენეკას“ მეორე პარტიას და შემდეგ მაისის შუა რიცხვებში მესამე პარტიას, რომელიც გამოყენებული იქნება მეორე დოზით ასაცრელად იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველი დოზა გაიკეთა. ამის პრობლემა არ არის. უნდა ვეცადოთ ყველა ერთად, რომ პირველი დოზები არ დარჩეს გამოუყენებელი. უნდა გაფართოვდეს აცრები ქვეყანაში. გამორიცხული არ არის, რომ ასაკმა დაიწიოს ისევე როგორც, მოგეხსენებათ ბევრ ევროპულ ქვეყანაში „ასტრაზენეკაზე“ უკვე 30 წელს ზევით იწყება აცრა. დარწმუნებული ვარ იმუნიზაციის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას „ასტრაზენეკაზე“ ასაკობრივი ზღვარის დაწევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, „ფაიზერი“ და „სინოფარმი“ გამოყენებული იქნება 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის.

რაც შეეხება კონკრეტულად „სინოფარმის“ ვაქცინას, გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ ვაქცინასთან დაკავშირებით ჯავშნების ფანჯარა პორტალზე 27 აპრილს გაიხსნება, „სინოფარმით“ ვაქცინაცია კი 4 მაისიდან დაიწყება.

„სინოფარმთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაციაც არის და მასზე იყო მსჯელობა იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტზე. ამ რეკომენდაციებს განიხილავს იმუნიზაციის გაფართოებული საბჭო. ის გამოყენებული იქნება როგორც არის ინსტრუქციითაც, 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.