საქართველოს საჰაერო სივრცეში COVID-19-ის ვაქცინის სწრაფი და შეუფერხებელი ტრანსპორტირებისთვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ NOTAM (ინფორმაცია საავიაციო საწარმოებისა და პერსონალისთვის) 24 აპრილიდან 20 ივლისამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენო ავრცელებს.
NOTAM-ში, რომელიც 25 აპრილის 00:00 საათიდანაა აქტიური, წერია, რომ ავიაკომპანიამ, რომელიც ახორციელებს ვაქცინის გადაზიდვას და შეფასებულია, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი, საქართველოში ან/და საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებისთვის უნდა მიმართოს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების გამონაკლისის სტატუსის მისაღებად.
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან თანხმობის შემდეგ, ავიაკომპანია ვალდებულია, ფრენის გეგმის მე-18 გრაფაში მიუთითოს STS/ATFMX და RMK/VACCINE. ავიაკომპანიას, რომელიც რეგულარულად ასრულებს ვაქცინის გადაზიდვას, საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების გამონაკლისის სტატუსის მისაღებად შეუძლია, მიმართოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინასწარ, ერთჯერადად ყველა ფრენისთვის.
NOTAM მოქმედებს მიმდინარე წლის 20 ივლისამდე. აღსანიშნავია, რომ რეისებს, რომლებიც STS/ATFMX RMK/VACCINE კოდით ისარგებლებენ, შესაბამისი სისტემა ავტომატურად „ამოიცნობს“ და მაქსიმალურ პრიორიტეტს მიანიჭებს. ეს მათი შეფერხების ალბათობას შეამცირებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.