"თურქეთი უარყოფს და გმობს 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის განცხადებას", - ასე გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელშიც ის 1915-1923 წლებში ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივ მკვლელობებს გენოციდს უწოდებს. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
მევლუთ ჩავუშოღლუმ ჯო ბაიდენის განცხადებას პოპულისტური უწოდა.
"ჩვენ უარვყოთ და ვგმობთ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც გაკეთდა რადიკალური სომხური წრეებისა და ანტითურქული ჯგუფების ზეწოლით", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
როგორც გამოცემა წერს, სამინისტროს განცხადებით, არცერთი პირობა, რომელიც საჭიროა ტერმინ „გენოციდის“ გამოყენებისთვის - საერთაშორისო სამართლით მკაცრად განსაზღვრული - არ შეესაბამება 1915 წლის მოვლენებს.
ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯო ბაიდენს არ აქვს არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება განსაჯოს ისტორია და ამ განცხადებას ღირებულება არ გააჩნია.
"სიტყვები ისტორიას ვერ შეცვლიან და ვერც გადაწერენ.
ჩვენი საკუთარი წარსულის შესახებ არავისგან არაფერი გვესწავლება. პოლიტიკური ოპორტუნიზმი მშვიდობისა და სამართლიანობის უპირველესი მტერია.
ჩვენ სრულიად უარვყოფთ ამ მხოლოდ პოპულიზმზე დაფუძნებულ განცხადებას". - დაწერა ჩავუშოღლუმ Twitter-ზე.
ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა